,,სააკაშვილთან დღემდე 1 500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი”- ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამის დასტურია ის გარემოება, რომ დღემდე 1 500-ზე მეტი მნახველი იყო შესული მიხეილ სააკაშვილთან.

„ახლა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მასთან დღემდე, 1500–ზე მეტი მნახველი იყო. ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი, არაფერი არაა დასამალი და იმასაც გეტყვით, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობა დეტალურ ინფორმაციას აწვდის როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს, ევროკავშირს.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ პირმა სასჯელის მოხდა გააგრძელოს თუ ამის გადავადება მოხდეს. პროცესი ჩანიშნულია იმისთვის, რომ მოსამართლემ დამოუკიდებლად, ზეწოლის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება.

სამინისტრო, როგორც აქამდე, გააგრძელებს მისი უფლებების დაცვას. მას არცერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა”,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

 

მსგავსი თემები