,,პრემიერისგან უკუკავშირი მივიღე, მითხრეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა”- ნიკო კვარაცხელიას დედა

,,პრემიერ-მინისტრისგან უკუკავშირი მივიღე და მითხრეს, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე წარიმართება, როგორც საჭიროა,”- ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”წყნეთის პოლიციელებს ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რას ყვიროდა დაკავებული კავილაძე, შეშინებული რა გვარებს ასახელებდა, წყნეთის პოლიციაში ეს ყველაფერი იციან”.

„ნიკოს საქმე გამოძიებულია და ეს ხელისგულზეა, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ნაშრომი, რომელიც 9 ტომში წერია, რატომღაც დედამ უნდა აღასრულოს. ამას ვერანაირად ვერ შევძლებ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არ ვამბობ, რადგან ნიკო კვარაცხელია ჩემი შვილია. ეს ძალიან ბევრ რამეს იტყვის, იტყვის იმას, თუ ვინ გამოიყენა ეს ახალგაზრდები და ვინ დაუკვეთა ამ მათ ნიკოს მკვლელობა. ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს. ვიღაცას ძალიან ეზედმეტა ჩემი ნიჭიერი და ჭკვიანი შვილი.

პრემიერ-მინისტრისგან უკუკავშირი მივიღე და მითხრეს, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ამდენ ხანს, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით, როდესაც ცხრა ტომში არის უამრავი სახელი და გვარი და ეს ახალგაზრდები დღეს, ქუჩაშიც დადიან, გარკვეულ ღონისძიებებს ახალისებენ და პრიზებს გადასცემენ. პრემიერმა კი, თანადგომა გამოგვიცხადა, მაგრამ ვამბობ, 9-ტომიანი საქმე აუცილებლად სისრულეში უნდა მივიდეს”, – აცხადებს იზა ომაძე.

მსგავსი თემები