„მსგავსი ანტიდასავლური განცხადებები საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ანტიდასავლური გამოთქმების გამო, რაც ბოლო პერიოდში ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების ლიდერებისა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხორციელდება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ საბჭოთა პერიოდში არსებობდა საქართველოში.

„სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

მსგავსი თემები