ჟენევის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა – სოფიო ქაცარავა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებმა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში კონკრეტული შედეგი ვერ მოიტანა. 

მისივე თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს, ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს, მშვიდობას არ ნიშნავს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს უნდა შეახსენონ მისი ვალდებულება, თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს.

სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დებატებში მონაწილეობდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები, არის ორი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც წარმატებით ართმევს თავს მართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციისა და ღია საომარი მოქმედებების პრევენციის ფუნქციას. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, მან  კონკრეტული შედეგები ვერ მოიტანა. უფრო მეტიც, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები უფრო მეტად არიან იზოლირებულნი, შეზღუდულნი და ზემოქმედების ქვეშ.   

სოფიო ქაცარავას თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად ქვაკუთხედად რჩება.

მსგავსი თემები