„საბოტაჟია, როცა სახელმწიფოს ხარჯზე გინდა პირადი კეთილდღეობა და არა ანაკლიის პორტის აშენება” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სტრატეგიული და ეკონომიკური მიმართულებითაც, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ობიექტი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.

მდინარაძის თქმით, მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს პორტის აშენების ვალდებულებას.

„ასეთი ობიექტის აშენების ვალდებულება იყო და წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მხოლოდ სპეკულაციებს, სახელმწიფოსგან მოთხოვნებს ვალდებულებების შესრულების, რაღაც გარანტიების თავის თავზე აღების, ვისმენდით სპეკულაციებს და ამ სპეკულაციებს მოჰყვა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მილიარდზე მეტის მოთხოვნით. ანუ, პირობითად, შენ რომ დახარჯავ რამდენიმე მილიონს და შემდეგ ვალდებულებას არ შეასრულებ, ითხოვ, რომ ინფრასტრუქტურა მიგიყვანოს სახელმწიფომ, გარანტიები აიღოს სახელმწიფომ, როცა სახელმწიფოს ხარჯზე გინდა პირადი კეთილდღეობა და არა ანაკლიის პორტის აშენება და ამის შემდეგ მილიარდს, მილიარდ ნახევარს სთხოვ სახელმწიფოს, ეს არის ფინანსური საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ ადრე თუ გვიან რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო. მისასალმებელია პრემიერის და მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე პორტის აშენების პასუხისმგებლობას და ვალდებულებას.

51 პროცენტი არა სიმბოლური, არამედ რეალური ციფრია, რომელიც სრულ კონტროლს გულისხმობს პროექტთან დაკავშირებით. ანუ, იღებს აშენების და მართვის ვალდებულებას. ბუნებრივია, ინვესტიციები ძალიან კარგი იქნება. დანარჩენ 49 პროცენტში ნაგულისხმევი და გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსური სარგებელი მშენებლობის დროსაც ინვესტიციების სახით, 49 პროცენტიდან მოსალოდნელი და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ძალიან მაღალი მატერიალური სარგებელი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ დინამიკას ათჯერ გაამყარებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

მსგავსი თემები