„ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ” – ბადრი ჯაფარიძე

დადასტურებული ფაქტია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა ხელისუფლება, მაგრამ დღეს პრემიერმა, ღარიბაშვილმა სიცრუით და ცილისწამებით ახალი მწვერვალები დაიპყრო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ჯაფარიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„ალბათ ღარიბაშვილის ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც კი შეშურდებოდა. გამომდინარე ტყუილის მასშტაბიდან. ანაკლიაში იყო ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული, ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში, თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობაზე მიეღო ინფორმაცია. ტყუილია ინფორმაცია, რომელიც მან გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75. მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს სამი მილიონის ინვესტირება, სინამდვილეში ეს არის 40 მილიონი, რაც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში. დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა რომ აქვთ, გაპარტახებულია იქაურობა და სრული განუკითხაობაა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, რადგან მათ სამი წლის წინ ჩამოართვეს ინვესტორს 75 მილიონი დოლარი, ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. არა მხოლოდ ჩამოართვეს, არამედ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძისა და ჩემი დევნა სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენი რეპუტაცია შელახულიყო. ყველაზე გამორჩეული ღარიბაშვილის სიტყვიდან იყო კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს თავის დროზე ითხოვდნენ სახელმწიფოსგან გარანტიას და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობდნენ. სინამდვილეში სიმართლე არის შემდეგი – მე მქონდა შეხვედრა ევროკავშირის კომისართან და შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, ოღონდ, გარანტიას უზრუნველყოფდა, თუ სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონიან გარანტიას და ინვესტორებიც, ანუ ჩვენც უზრუნველვყოფდით 50 მილიონიან გარანტიას, რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით, მთავრობამ თქვა უარი. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონიანი გარანტიის სანაცვლოდ უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის და პროექტში მონაწილეობაც დაეთმო, მათ უარი თქვეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

„დღეს რას ვისმენთ ღარიბაშვილისგან? თურმე მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო ჩადებს ანაკლიაში ხუთჯერ მეტ ინვესტიციას იმ დროს, როდესაც 50 მილიონიან გარანტიაზე უარი თქვა, უარი უთხრა ევროკავშირის წინადადებას, უარი უთხრა აზიის განვითარების ბანკის, „ოპიკის“ მოთხოვნას. რა თქმა უნდა ასეთი რეპუტაციული ინვესტორი ამ მთავრობასთან არც ერთ ერთობლივ პროექტს არ განახორციელებს, რადგან მთავრობამ გამოიჩინა თავი, რომ მას შეუძლია, წაართვას ინვესტორს თანხები. კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს აუცილებლად მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, რადგან „ქართული ოცნება“ არასდროს აპირებდა ამ პროექტის განხორციელებას და განცხადება, რომელიც გააკეთა ღარიბაშვილმა, ეს არის თვალებში მორიგი ნაცრის შეყრა და გადაფარვა იმ ზიანის, რომელიც მიადგა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

მსგავსი თემები