მოქალაქეები სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სისტემა არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა.

„მანამდე სისტემა იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური, ეს უნდა ვაღიაროთ. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იძლეოდა იმ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვინდა, მივიღოთ. ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურში შემავალ სამინისტროებთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შეიქმნება ეფექტური სისტემა, პროგრამა იქნება ექვს, რვა და 11-თვიანი. ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სავალდებულო-სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

„გაწვევას, რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, თავდაცვის უწყება განახორციელებს. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. მანამდე სისტემა მოემზადება. გვინდა, რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება. ეს პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები