„ერთადერთი ამოცანაა, ჩირქი მოსცხონ ბიძინა ივანიშვილს” – ამილახვარი საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაზე

კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მედიასაშუალებებთან, არანაირი ძალა არ აქვს, ერთადერთი ამოცანაა, ერთის მხრივ ჩირქი მოსცხონ ბიძინა ივანიშვილს და მეორეს მხრივ, თავიანთ დონორებს დაუმტკიცონ, რომ სამუშაოს კარგად ასრულებენ, რომ შესაბამისი დაფინანსება მიიღონ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც აბასთუმანში მიმდინარე მშენებლობებს ეხება.

გიორგი ამილახვრის თქმით, ამ კვლევითაც კი მათი მოწონების რეიტინგი 1 %-ს არ აღემატება და საზოგადოებას მათი დასკვნები საერთოდ არ აინტერესებს. „ყველაზე დიდი ქველმოქმედი პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მილიარდზე მეტი დახარჯა ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროებში და ალბათ არათუ ეს გადაცემა, საათები არ გვეყოფა ის სია რომ ჩამოვთვალოთ, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული, ამ ადამიანმა სრულიად საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე ხელი მოჰკიდა ასევე ისტორიულ პროექტს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული კურორტი აბასთუმანი აღადგინოს, მისცეს მას დამატებითი ტურისტული თუ სხვა მიზიდულობის ძალა, გააჯანსაღოს ეკონომიკა და ამისთვის სრულიად უსასყიდლოდ, არაკომერციულად სრულიად წაგებიანი პროექტები, მრავალ ასმილიონიანი წამოიწყო. თან ამას აკეთებს ღიად, გამჭვირვალედ, ნებისმიერ ადამიანს კერძო სექტორში შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს და ფული ჩადოს აბასთუმნის განვითარებაში.

მისი მიდგომა სხვათა შორის სულ ასეთი იყო, არა მხოლოდ აბასთუმანთან დაკავშირებით, ბევრი ასეთი პროექტის დასახელება შეგვიძლია. შემდგომ თავად საჯარო განცხადებები გაუკეთებია, რომ მისთვის ეს საერთოდ არ არის კომერციულად მოგებიანი პროექტები და თვითღირებულებაშიც კი მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გადასცეს. ასეთ ადამიანს, რომელიც სიკეთეს აკეთებს, ოპოზიციურ პარტიასთან პირდაპირ დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდათ ამ პროცესს ჩირქი მოსცხონ. მთავარი ამოცანა იცით რაში მდგომარეობს? ის კი არა, რომ ვინმეს სჯერა მათი კვლევის შედეგების, როგორც თვითონ აცხადებენ, მთავარი ის არის, რომ თავიანთ დონორებს დაუმტკიცონ, რომ ისინი სამუშაოს კარგად ასრულებენ, რომ შესაბამისი დაფინანსება მიიღონ, სხვა შემთხვევაში საზოგადოებაში, მათ ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მედიასაშუალებებთან და პრაქტიკულად ერთ ქვაბში იხარშებიან ყველა, არანაირი ძალა არ აქვს და არის ერთადერთი ამოცანა, რომ ერთი მხრივ ჩირქი მოსცხონ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს და მეორეს მხრივ, დაფინანსება მოიპოვონ მისი დონორებისგან“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მსგავსი თემები