,,ეს არის უხერხული, აუხსნელი და დაუჯერებელი, ასეთი პოზიცია გულს მირევს და მეტი არაფერი”- ელისაშვილი კობახიძის განცხადებაზე

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება კითხვაზე – მტერია თუ არა რუსეთი. ელისაშვილის თქმით, გამაოგნებელი ამბავია, რომ საქართველოში ვინმე და განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ოდნავ მაინც დაფიქრდნენ იმ კითხვაზე, მტერია თუ არა რუსეთი

„მე თავს ვერ დავდებ, რომ უკრაინაში ვინც იბრძვის, იქ ყველა მყავს ნანახი, ნამდვილად არა, დიდი ქვეყანაა და უამრავი ქართველი იბრძვის, მაგრამ რამდენიმე ათეულ ქართველ მოხალისეს მე იქ შევხვდი და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მე არ მინახავს ფულის გამო იქ წასული ან ძალით წაყვანილი ქართველი მებრძოლი. როგორც მე და ჩემი მეგობარი წავედით ჩვენი ხარჯით, ჩვენი რისკით, ზუსტად ასეთი ბიჭები ვნახე მე იქ. ყველა ვინც ვნახე, იყო გულანთებული, პატრიოტი და ყველას ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა. მე არ ვიცი არავინ, ვინც რაღაცის გამო, ფულის გამო წავიდა და ამაზე ლაპარაკი არის შეურაცხმყოფელი, უკვე დაღუპული ბიჭების ხსოვნის შეურაცხმყოფელი და ვინც იქ იბრძვიან, მათი შეურაცხმყოფელი. მე ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, ამ ბოდვას შეეშვას ამ ბიჭებთან მიმართებით, შეურაცხყოფას ნუ აყენებენ, ის ბიჭები ამ წუთებშიც სანგრებში დგანან და ზოგი მტერს უყურებს თვალებში. იმას ვერ გრძნობენ, რომ ზურგს მთავრობა უმაგრებს, მაგრამ ფეხს მაინც ნუ უდებენ და თავს მაინც ნუ ჭრიან იქ სხვა უცხოელ მებრძოლებთან თუ უკრაინელებთან.

გამაოგნებელი ამბავია, რომ საქართველოში ვინმე და განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ოდნავ მაინც დაფიქრდნენ იმ კითხვაზე, მტერია თუ არა რუსეთი. ორასი წელია რუსეთი ჩვენი მტერია, მოსისხლე მტერი, რომელიც ცდილობდა იდენტობა წაერთმია, ენა წაერთმია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, რომ როგორც ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას, ოდნავ მაინც შეყოყმანდე და მკაფიო პასუხი არ გქონდეს, ეს არის უხერხული, აუხსნელი და დაუჯერებელი, არ ვიცი, ეს რაზე მიუთითებს, მე ასეთი პოზიცია გულს მირევს და მეტი არაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

მსგავსი თემები