„მშვიდობა რუსეთის პირობებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი” – ოლაფ შოლცი

რამეზე საუბარი რუსეთის მიერ ომის დასრულებისა და ჯარების გაყვანის შემდეგ შეიძლება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მედიის ჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე თუ უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის „რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების” შესახებ იდეას.

„ახლა პრიორიტეტია რუსეთის მიერ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ჯარების გაყვანა. სამართლიანია, რომ ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორ შეგვიძლია ევროპის უსაფრთხოებას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მაგალითად, რუსეთთან ევროპაში შეიარაღების კონტროლზე ვისაუბროთ. ამას ომამდეც ვთავაზობდით და ამ პოზიციაში არაფერი არ შეცვლილა”, – აღნიშნა შოლცმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავის სატელეფონო საუბრებზე კომენტარის გაკეთებისას კანცლერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტის გაგრძელება იმისთვის, რომ “პუტინს ყოველთვის ესმოდეს ჩვენი აზრი”.

შოლცის თქმით, წინა კვირას ბოლო საუბრის დროს მისთვის მნიშვნელოვანი იყო ორი რამის თქმა: მან დაგმო უკრაინული ქალაქების, მათი ენერგო- და წყალმომარაგების დაბომბვა და ჰკითხა პუტინს, “საბოლოოდ როდის იქნება რუსეთი მზად უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს”.

„ერთი რამაა ნათელი: მშვიდობა რუსეთის პირობებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი”, – თქვა შოლცმა.

მსგავსი თემები