„2008 წლის 10 აგვისტოს სააკაშვილმა ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, ორ დღეში ვერავინ დაგეხმარებოდა შეიარაღებით, ვიღაცები სპეკულირებენ” – ირაკლი კობახიძე

2008 წელს საქართველოს არავისგან მიუღია სამხედრო დახმარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, სადაც კასიანოვი ამბობს: „ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს ლტოლვილების ევაკუაციაში, სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წლის ომი ორი დღე გრძელდებოდა და აპ პერიოდში ქვეყანას იარაღით ვერავინ დაეხმარებოდა.

„2008 წლის ომი გაგრძელდა ორი დღე. დაიწყო 8 აგვისტოს და 10 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გამოაცხადა. იმ ორ დღეში ვერავინ ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევდა და არც არავისგან მომხდარა ასეთი რამ. თუ მანამდე ხდებოდა კომერციული მიზნებით გარკვეული იარაღის შეძენა-გაყიდვა და ასე შემდეგ, ეს სხვა რამეა. 2008 წელს საქართველოს არავისგან მიუღია სამხედრო დახმარება, ვერც მიიღებდა, რადგან ორ დღეში ვერავინ დაგეხმარებოდა შეიარაღებით. ამიტომ ამაზე საუბარი ზღაპარია. ვიღაცები სპეკულირებენ და ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. მთავარია, როდესაც ვიღაც მოგიწოდებს მეორე ფრონტისკენ, ამაზე ყველას მხრიდან სათანადო რეაგირებაა საჭირო. ეს ყველამ უნდა დაგმოს ან სულ მცირე, თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატოს ნებისმიერი მოწოდების მიმართ, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდება. ვინც სდუმს ამაზე, უნდა ჩავთვალოთ, რომ სულ მცირე, ლოიალურად არის განწყობილი მეორე ფრონტის იდეაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები