თენგიზ წულაძე – მიხეილ სააკაშვილი მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იყოს გადაყვანილი, ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს

როდესაც პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება მრავალ კლინიკაში, უნდა იქნას გაყვანილი ჩვენი ქვეყნიდან სხვა კლინიკაში, ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება დიდი არ აქვს. არ არის ხშირი ასეთი პაციენტები ჩვენთან, – ამის შესახებ ნევროლოგმა, სახალხო დაცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ საააკშვილი საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი.

„გავსინჯეთ პაციენტი 4 დეკემბერს. წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული. შევაფასეთ, როგორც მძიმე. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, გამოიხატა კუნთების განლევა, საერთო სისუსტე. პაციენტი ვერ დგება, დახმარებით დგება, საუბარში შემოსვლა უჭირს, აქვს ცხელება. ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიცაა კახექსია.

პაციენტი აცხადებს, რომ ვერ იღებს საკვებს და ამ ფონზე განვითარდა კახექსია. მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი. ეს შეიძლება, შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება, მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, უკეთდებოდა შესაბამისი კვლევები, მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა ბოლო თვეებში.

ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ამ ეტაპზე. ვფიქრობთ, რომ მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იყოს გადაყვანილი. როდესაც პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება მრავალ კლინიკაში, უნდა იქნას გაყვანილი ჩვენი ქვეყნიდან სხვა კლინიკაში, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს. ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს. არ არის ხშირი ასეთი პაციენტები ჩვენთან“, – განაცხადა წულაძემ.

მსგავსი თემები