,,იარაღზე ლაპარაკი არ არის, გენერატორითაც კი არ ეხმარება „ოცნება“ უკრაინას”- გიორგი ვაშაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინას, რომელმაც 2008 წელს საკუთარი უსაფრთხოება დააყენა საფრთხის ქვეშ, დღეს საქართველო გენერატორებითაც კი არ ეხმარება.

მისი თქმით, 2008 წელს უკრაინა საქართველოს შეიარაღებით ეხმარებოდა, რათა ქვეყანა რუსულ აგრესიას გამკლავებოდა.

„უკრაინას, რომელიც 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა, რათა აგრესიას გავმკლავებოდით, „ქართული ოცნება“, ეს პრორუსული ძალა, ელემენტარულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, გენერატორებითაც კი არ ეხმარება, ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც ჩადის „ქართული ოცნება“. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როდესაც თავს გჭრის „ქართული ოცნება“ საქვეყნოდ. ქვეყანას, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოება დააყენა საფრთხის ქვეშ 2008 წელს, დღეს საქართველო, ელემენტარულად, გენერატორებითაც კი არ ეხმარება. საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება კი არა, გენერატორითაც კი არ ეხმარება. უფრო მეტიც, თბილისის მერიამ უკრაინელი დევნილები ამაზრზენად გამოყარა საცხოვრებელი ადგილებიდან. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც აქვს ამ მავნებლურ, პრორუსულ ძალას. უკრაინის მხრიდან განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გენერატორებზე უთხრა უარი „ქართულმა ოცნებამ“. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოა, რომ იარაღზე ლაპარაკიც კი არ არის, გენერატორითაც კი არ ეხმარება „ოცნება“ უკრაინას“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები