„როგორც კარგ ნერგს სჭირდება პირობები, მოსამართლეებსაც სჭირდებათ პირობები, რომ ნაყოფი მოგვცენ“ – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე სასამართლო კორპუსს ჯიშიან ნერგს ადარებს და აცხადებს, რომ თუ მას კარგად მიხედავენ და მოუვლიან, შედეგსაც მიიღებენ.

“კარგ ნერგს შეუძლია ჯიშიანი, კარგი ნაყოფი მოიბას, თუმცა, ამისთვის საჭიროა, მებაღემ მას კარგად მოუაროს, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები. როცა ძველ ხელისუფლებას იხსენებენ და ამ კონტექსტში მუდმივად ნეგატიურად გვახსენებენ, მათ მინდა შევახსენო, რომ სასამართლო მაშინ ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში მუშაობდა, იყო მძიმე კანონები, რომლისთვისაც ჩვენ პატივი უნდა გვეცა“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.

მისივე განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოსამართლეებმა დამოუკიდებლობის გარანტია მიიღეს და სასამართლო სისტემა ვითარდება:

„2012 წელს, როცა შემოვიდა გარანტიები და სასამართლოს მიეცა დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება, ამ ნერგმა, ანუ სასამართლო კორპუსმა ნაყოფი გამოიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგი პირობების შექმნის შემთხვევაში, ეს სისტემა უნარიანია, კარგი ნაყოფი გამოიღოს. სასამართლოში ძალიან ბევრი წინსვლა მოხდა“, – ასე ახსნა ლევან მურუსიძემ ის ბრალდებები, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში მუშაობის გამო, მათი მისამართით დღემდე ისმის.

მსგავსი თემები