,,საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს”- მამუკა მდინარაძე

,,საქართველო სრულად და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე  საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის.

,,როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ასე შემდეგ, ხომ გესმით, რომ მათ საქართველოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული იარაღის, საბრძოლო მასალის თუ სამხედრო ტექნიკის მიწოდების მოლოდინი ობიექტურად არ აქვთ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე, სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც ილაპარაკა, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, ქუჩის სახელის დარქმევაზე და უამრავ რაღაცაზე ისაუბრა. მთავარი სათქმელი და მიზანი იყო, საქართველო დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როდესაც საქართველო 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, არის 400-ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი თუ თანაავტორი, მათ შორის, საქართველო არის იმ დოკუმენტების მხარდამჭერი, რომლებიც შეეხება ჰააგასა და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ. ზოგ შემთხვევაში, თანაინვესტორი, ზოგ შემთხვევაში, მხარდამჭერი, ზოგ შემთხვევაში, თანაავტორი. შესაბამისად, საქართველო სრულად და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების მქონე, ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა სამხედრო მხარდამჭერად ვერ დაფიქსირდება. ეს არის მარტივი მოცემულობა. ეს მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, უკრაინელები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომ უნდა შევისეირნოთ სოხუმში, უნდა გავუწიოთ სამხედრო მხარდაჭერა, უნდა ჩაერთოს საქართველო ომში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით” – კასიანოვი

მსგავსი თემები