,,სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული”- რატი ბრეგაძე

,,სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული,”- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ყოველთვის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას იღებდა.

,,უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ. ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული, ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა. იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში“ და ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება, ასე გაგრძელდება შემდეგშიც“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები