,,შეიწყალეთ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი” – გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს

„ჩვენ რომ ევროპული ხელისუფლება გვყავდეს, 3-4 წელიწადში აბსოლუტურად რეალურია, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ALDE-ს მიერ, შაბათს მიღებული რეზოლუცია შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

,,ჩვენ გვაქვს  ყველა შანსი მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი ამისთვის. რაც მთავარია, უნდა შეწყდეს თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე და პირდაპირი მიმართვა პრეზიდენტს- როგორც პირველი ნაბიჯი- ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო აღარ არის, არის იმის დრო, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი, ასე უყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, გაქვთ იმისთვის, რომ განიმუხტოს ეს მძიმე ვითარება და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ასე, რომ ჯერი თქვენზეა ქალბატონო სალომე, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები