„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე” – ეუთოს მეგობართა ჯგუფი

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. „ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დასკვნით სხდომაზე გავრცელდა.

ტექსტში საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაგმობილია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.

„ვგმობთ რუსეთის 2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო გზით ოკუპაციის გამო. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში სამხედრო შემოჭრიდან 14 წლის შემდეგ, კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია გრძელდება და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემის საფუძველზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები,

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები