„განწირულია სიკვდილისთვის“ – “ქართული ოცნების” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მმართველი გუნდის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტეს. როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა  აღნიშნეს, მთავარი მიზანი საქართველოს პრეზიდენტის გადარჩენაა.

ლოზუნგით – “თავისუფლება მიშას”, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

„თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ჩვენი ქმედებები მოვიყვანეთ თანხვედრაში სააკაშვილის უფლებების დაცვის მხარესთან. ეს ბუნებრივად მოხდა, არა იმიტომ, რომ დავგეგმეთ, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობის მხრივ, გაუარესდა. უკვე დაიდო დასკვნები ექსპერტთა ჯგუფების მიერ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის. თუ ამასაც ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილი, ყველამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, ვინ რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს, თუ არ ეგუება. ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებში ვერ იქნება შესული სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება.

ბევრისთვის და სამედიცინო საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პაციენტი, ექიმები, პროფესორები, აკადემიკოსები, ნობელის პრემიის ლაურეატები საუბრობენ როგორც პაციენტ მიხეილ სააკაშვილზე – ისინი ამბობენ, რომ თუ ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ, არ მაინტერესებთ თქვენი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის – ჩვენ ვართ ექიმები და გეუბნებით, რომ ეს ადამიანი არათუ ვერ გამოჯანმრთელება, არამედ განწირულია სიკვდილისთვის“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

 

 

მსგავსი თემები