შვილებზე ძალადობის საქმე – ტატიანა სოლოვევა აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე მას ბავშვებს ართმევს

„ბესიკ ლაჩაშვილი უკანონო გავლენების გზით ჩართულია პროცესებში, რომ ტატიანა სოლოვევას ორი არასრულწლოვანი შვილი ჩამოერთვას ბებია ირინა აბრამენკოს და გადაეცეს მოძალადე ვიტალი სოლოვიოვის დედას მოძალადე ანგელინა ტრიპალინას“ – ეს განცხადება ცნობილი რუსი მომღერლის, ტატიანა სოლოვევას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბავშვებზე ძალადობის ეპიზოდს, რომლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც სოლოვევამ, ისე მისმა ინტერესების დამცველმა, აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და  საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლავთ ბესიკ ლაჩაშვილი რუსეთთან კავშირებსა და სოლოვევას ყოფილი მეუღლის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულეს.

„თბილისის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლავთ ბესიკ ლაჩაშვილი, ხოლო გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – მისი ქალიშვილი ხატია ლაჩაშვილი. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები არიან მამა და შვილი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციასთან და უფრო კონკრეტულად ვლადიმირ სოლოვიოვთან.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საბურთალოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ლაჩაშვილი საქართველოს მოქალაქესთან ერთად არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შპს „სახმელეთო გადაზიდვა Land Transportation“  ს/ნ 406090297,  ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, სადაც დირექტორისა და მესაკუთრის გრაფაში მითითებულია – ბესიკ ლაჩაშვილი, საქართველო, რუსეთის ფედერაცია“ – აღნიშნა ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, ჩვენთვის ცნობილი ფაქტია, რომ ბესიკ ლაჩაშვილი ახორციელებს უკანონო მხარდაჭერას ტატიანა სოლოვევას ყოფილი მეუღლის ვიტალი სოლოვიოვის სასარგებლოდ.

„იგი დადის ვიტალი სოლოვიოვის მხარდასაჭერად სასამართლო პროცესებზეც და უფრო მეტიც, ბოროტად იყენებს საკუთარ სამსახურეობრივ თანამდებობას სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებებზე ვიტალი სოლოვიოვისა და მისი დედის ანგელინა ტრიპალინას სასარგებლოდ ზეწოლის მოსახდენად. სწორედ ბესიკ ლაჩაშვილის უკანონო მხარდაჭერით მოახდინა ვიტალი სოლოვიოვმა 09.11.2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება და დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.11.2022 წლის განჩინებით N10ა/6245 იგი პატიმრობაში მყოფი ძებნილი ბრალდებულია. ბესიკ ლაჩაშვილი იყენებს უკანონო გავლენებს სასამართლოში და მისი უკანონო გავლენების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის თარიღით გაიცა უკანონო განჩინება N 3/7477-22, რომლითაც ტატიანა სოლოვევას არასრუწლოვანი შვილები უნდა გადასცემოდათ იმ ბებიას – ანგელინა ტრიპალინას (ვიტალი სოლოვიოვის დედას), ვის მიმართაც ორივე არასრულწლოვანზე ძალადობის გამო გამოცემულია შემაკავებელი ორდერები“ – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც მუხრან ღურწკაია განმარტავს, გამოძიება  მიმდინარეობდა სამივე არასრულწლოვნის მიმართ ვიტალი სოლოვიოვის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.

„შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში 2022 წლის 14 ივნისიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმის ნომრით N 006140622003. მოცემულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა სამივე არასრულწლოვნის მიმართ ვიტალი სოლოვიოვის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. 2022 წლის 14 ივნისიდან 2022 წლის 30 ოქტომბრამდე, ანუ იმ პერიოდამდე, სანამ არასრულწლოვნები – ვიქტორია სოლოვიევა ელიზავეტა სოლოვიევა მათი ნების შესაბამისად არ აღმოჩნდნენ დედასთან ტატიანა სოლოვევასთან, გამოძიების მხრიდან ვერ მოხდა ბავშვებთან გასაუბრება.

2022 წლის 09 ნოემბერს არასრულწლოვნები  – ვიქტორია სოლოვიევა და ელიზავეტა სოლოვიევა გამოიკითხნენ სისხლის სამართლის საქმეზე  N 006140622003, მათ გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ და ვიტალი სოლოვიოვი იმავე დღეს, 09.11.2022 წელს, გაიქცა ქვეყნიდან. ბესიკ ლაჩაშვილმა საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით შეძლო დაედგინა, რომ თუ როდის ხდებოდა არასრულწლოვნების გამოკითხვა და მათი გამოკითხვის დღესვე, კერძოდ, 09.11.2022 წელს ვიტალი სოლოვიოვს აცნობა აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაეხმარა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებაში.

აღნიშნულის შემდეგ არასრულწლოვნებმა  – ვიქტორია სოლოვიევამ და ელიზავეტა სოლოვიევამ არაერთი განცხადებით მიმართეს გამოძიებას ბებიის – ანგელინა ტრიპალინას მიმართ გამოძიების და სისსხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. 25.11.2022 წელს გამოძიებაში სისხლის სამართლის საქმეზე N 100241122004 გამოიკითხა არასრულწლოვანი ვიქტორია სოლოვიევა  და გამოიცა შემაკავებელი ორდერები, კერძოდ, 25.11.2022 წლის შემაკავებელი ორდერი N 028035 და 25.11.2022 წლის შემაკავებელი ორდერი N 028036. აღნიშნული შემაკავებელი ორდერებით მოძალადედ იქნა ცნობილი ბებია ანგელინა ტრიპალინა, ხოლო მსხვერპლებად იცნენ არასრულწლოვნები  – ვიქტორია სოლოვიევა და ელიზავეტა სოლოვიევა ბესიკ ლაჩაშვილმა საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და უკანონო გავლენებით შეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მინაშვილს 29.11.2022 წელს ყალბი თარიღით – 25.11.2022 წლის თარიღით მიეღო უკანონო განჩინება და არასრულწლოვნები გადაეცა მოძალადე ბებიისთვის – ანგელინა ტრიპალინასთვის, რომლის მიმართაც 25.11.2022 წელს გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერებიც.

ასევე, გაცნობებთ, რომ ბესიკ ლაჩაშვილი უშუალოდ ესწრება ვიტალი სოლოვიოვის მხარდასაჭერ სასამართლო პროცესებს, იგი ვიტალი სოლოვიოვის ადვოკატებს ფეისბუქზე უკომენტარებს ვიტალი სოლოვიოვის სასარგებლო პოზიციას და ვიტალი სოლოვიოვი ჰყავს ფეისბუქ მეგობრებში, ასევე, საკუთარი საცხოვრებელი მისამართი (ქ. თბილისი, ბოგდან ხმელინცკის ქუჩა, 7, ბ.13) მითითებული აქვს სოლოვიოვის დედის – ანგელინა ტრიპალინასა და მისი არასრულწლოვანი შვილის ვლადიმირ სოლოვიოვის მისამართად.

დღეის მდგომარეობით, ბესიკ ლაჩაშვილი უკანონო გავლენების გზით ჩართულია პროცესებში, რომ ტატიანა სოლოვევას ორი არასრულწლოვანი შვილი ჩამოერთვას ბებია ირინა აბრამენკოს და გადაეცეს მოძალადე ვიტალი სოლოვიოვის დედას მოძალადე ანგელინა ტრიპალინას“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ .

 

მსგავსი თემები