,,გერმანიაში არც ერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაცმოძრაობის“ ბელადის შესახებ, ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური”- ანრი ოხანაშვილი

,,გერმანიაში არც ერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაცმოძრაობის“ ბელადის შესახებ, ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პიარკამპანია ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადახედვის საფუძველი.

„მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენით არის მიცემული. სასჯელს იხდის შესაბამისი მტკიცებულებებით გაჯერებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესია, რომ ეს თემა აქტუალური გახადონ. დააკვირდით, როგორც კი დაიწყო შიდა პოლიტიკური ძალთა გადანაწილება, რასაც საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლად აფასებს, ცდილობენ, ამ პოლიტიკური პარტიის ირგვლივ როგორღაც აქტუალობა შეინარჩუნონ. მერწმუნეთ და ფაქტია, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრა გავმართეთ და არც ერთ შეხვედრაზე კითხვაც კი არავის დაუსვამს მათი ლიდერებისა თუ ბელადის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური. ევროპისთვის ეს არის ერთი ჩვეულებრივი საკითხი, რომელიც ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში ხორციელდება. ეს პოლიტიკური პარტია ცდილობს როგორღაც შეინარჩუნოს თავისი აქტუალობა, თუმცა ესეც გადაიშლება, როგორც ჩვეულებრივი ფურცელი, რაც უნდა ეცადონ, რაიმე სერიოზული შედეგები ამას ვერ ექნება. რაც არ უნდა რეიტინგული, მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანიების დაქირავებით აწარმოონ პიარკამპანია, პიარკამპანია ვერ გახდება სასჯელის გადახედვის საფუძველი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები