რუსეთს უკრაინის დაპყრობის და ლიდერების ლიკვიდაციის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა – კვლევა

გასაჯაროებული რუსული დოკუმენტების თანახმად, რუსეთს უკრაინის დაპყრობის და მისი ლიდერების მკვლელობის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა.

ამის შესახებ ბრიტანეთის „თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის“ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოსთვის გეგმავდა. გეგმების სრული მასშტაბები რუსეთის ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.

უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის გეგმა, შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების უფროსების მოადგილეებმაც კი არ იცოდნენ, ხოლო ტაქტიკურმა სამხედრო ჯგუფებმა ბრძანება შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს.

დოკუმენტებმა ასევე აჩვენა, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინის ელექტროსადგურების, აეროდრომების, წყალმომარაგების, ცენტრალური ბანკისა და პარლამენტის ხელში ჩაგდებას. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს დაევალათ უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში გეგმავდა მასწავლებლებისა და სხვა ოფიციალური პირების რუსეთიდან ჩაყვანას „უკრაინელების ხელახალი განათლების“ დასაწყებად.

მსგავსი თემები