,,რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი”- ჰელგა მარია შმიდტი

,,წელს ეუთო-ს ერთ-ერთმა წევრმა, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, აირჩია ძალადობა დიალოგისა და თანამშრომლობის ნაცვლად. ეს არ არის ამ ორგანიზაციის ჩავარდნა, ესაა ერთ-ერთი წევრის ღალატი,” – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდტმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი.

„რუსეთის მიერ მეზობელი და ეუთო-ს წევრი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი, რომელიც უკვე მრავალი წელი ხელს უწყობდა პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას. ამ ომს კატასტროფული შედეგი მოაქვს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მისი მეზობლებისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ამ ომმა კატასტროფული შედეგი იქონია ამ ორგანიზაციაზე და იმ სამუშაოზე, რომელსაც ვასრულებთ. ეს გარდაუვალი არ ყოფილა. უნდა შეგახსენოთ, რომ ეუთო არასდროს ყოფილა თანამოაზრეთა ორგანიზაცია, ეუთო დაიბადა ცივ ომში, არა ამ ომის დასასრულს, არამედ ომის შუა პერიოდში.

ამ ორგანიზაციამ ერთად შეკრიბა არა მოკავშირეები, არამედ მოწინააღმდეგეები, რათა მოეხდინა კონფლიქტების დარეგულირება, შეემცირებინა დაძაბულობა და გაეუმჯობესებინა ნდობა, საერთო ენა მოეძებნა თანამშრომლობისთვის. სწორედ ესაა ჩვენი საქმე, რომელსაც თითქმის 50 წელი ვაკეთებდით არა შესანიშნავად, არამედ პროდუქტიულად, თუმცა წელს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, აირჩია ძალადობა დიალოგისა და თანამშრომლობის ნაცვლად. ეს არ არის ამ ორგანიზაციის ჩავარდნა, არამედ ესაა ერთ-ერთი წევრის ღალატი. ამ ომსა და იმ უამრავ სისასტიკეზე, რომელიც მას მოაქვს, რეაქცია გახლდათ ომის დაგმობა და ჰელსინკის აქტის პრინციპების კიდევ ერთხელ დადასტურება“, – განაცხადა ჰელგა შმიდტმა.

მსგავსი თემები