ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა.
განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.
,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გენდერული იდენტობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ევროპულმა სასამართლომ გაუსვა ხაზი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”, – აცხადებს საია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას სამი განმცხადებლიდან თითოეულისთვის 2 000 ევროს გადახდა დაავალდებულა. ამას გარდა, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის, საჩივრის შეტანასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, დამატებით 9 812 ევროს, ჯამში €16 000-მდე გადახდა დაეკისრა.