უკრაინის რადა 10 დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევას განიხილავს

უკრაინის რადას ათი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტა იგეგმება. რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა უკრაინის ტერიტორია დატოვეს და ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადებულან. მანდატთან ერთად ისინი რადაში არსებულ თანამდებობებსაც დაკარგავენ. აღსანიშნავია, რომ ამ დეპუტატებმა ქვეყანა ომის დაწყებამდე დატოვეს.

სტეფანჩუკის განცხადებით , უკრაინის კონსტიტუციით დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა საკმაოდ რთული პროცესია, ხოლო იმის გამო, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

“ამის მიუხედავად ვიპოვით შესაძლებლობას იმისთვის, რომ ეს ადამიანები დეპუტატის სტატუსს დაემშვიდობონ”, – განაცხადა მან და დაამატა, რომ ევროპის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში ამ ადამიანების ექსტრადირების საკითხიც განიხილება.

როგორც უკრაინული გამოცემა “უნიანი” წერს, აღნიშნული დეპუტატების უმრავლესობა უკრაინაში აკრძალული პრორუსული პარტიის За життя-ს წევრები არიან. სექტემბერში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტიის სარჩელი და ქვეყანაში მისი საქმიანობა სრულად აკრძალა.

მსგავსი თემები