“რამე თუ არ შევცვალეთ, მალე ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება” – თბილისის მერი

თბილისის მერის კახა კალაძე დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

​მისი თქმით, თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, ქალაქში ავტომანქანების შემცირება.

“სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 6-7% იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და რამე თუ არ შევცვალეთ, ალბათ, ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება. სწორედ ამიტომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს ნაკლებ მანქანას ქალაქში და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იქნება კომფორტული და ყველაზე სწრაფი,” – განაცხადა მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

​მისივე თქმით, 2019 წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები ახალი, კომფორტული ავტობუსებით ჩანაცვლდება.

“თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი თანხაა გამოყოფილი იმისთვის, რომ მოგვარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. დაანონსებული გვაქვს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის სრულიად ჩანაცვლდეს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი და დამატებით კიდე შევიძინოთ ავტობუსების რაოდენობა, რომ ყველნაირად უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები