,,ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ შეთანხმება სახალხო დამცველობის კანდიდატებზე” – ხათუნა სამნიძე

,,შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე” – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხათუნა სამნიძე აცხადებს, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ერთმანეთის წინაშე მეტი კონკრეტიკით წარდგებიან.

„პირველი და მთავარი ის არის, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყო პრინციპებზე შეთანხმებით, რამდენად მზად არის ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისებისთვის და ვთანხმდებით თუ არა, რომ პროცესი არ ჩაიშალოს. შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე. ხელისუფლებამ იცის ოპოზიციის შეთავაზება, ჩვენ ვიცით ხელისუფლება რისთვის არის მზად. ამ ეტაპზე სახელსა და გვარებზე არ ვლაპარაკობთ. საზოგადოებამ იცის, რომ არიან კანდიდატები, რომლებზეც ვერავინ შევთანხმდებით და გამოირიცხა ეს კანდიდატები. ახლა ყველა საკუთარ გუნდთან ვაპირებთ საუბარს და შემდეგი რაუნდისთვის ერთმანეთის წინაშე მეტი კონკრეტიკით წარვდგებით.

მთავარია, მოლაპარაკებები დაიწყო. „ქართული ოცნების“ პირობებში, პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ შევთანხმდით, რომ პროცესის ჩაშლა არ გვინდა და მზად ვართ კომპრომისებისთვის. ეს არის მოლაპარაკებების პროცესი. უმნიშვნელოვანესია ომბუდსმენი ჰყავდეს ქვეყანას, ამიტომ მოლაპარაკებების პროცესში კატეგორიული განცხადებები, წინაპირობებით საუბარი, სახელი და გვარების დასახელება ამ პროცესს დააზიანებს. ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდით, რომ ვიდრე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი არ იქნება და შეთანხმებაზე არ დავიწყებთ საუბარს, წინაპირობები, კატეგორიული განცხადებები პროცესს დააზიანებს, რაც არავის უნდა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი თემები