საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართველ ემიგრანტებს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას და ემიგრანტებს ყველა საშუალებას აძლევდა, თავი ისე ეგრძნოთ, როგორც საკუთარ ქვეყანაში. 

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის თავად არის ამის მაგალითი.

“მე შევძელი დიპლომატიური კარიერა ბოლომდე მიმეყვანა, ელჩის სტატუსამდე ისე, რომ არავის არასდროს ჰქონია რაიმე პრეტენზია, რომ მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საფრანგეთი სუვერენობის სიმბოლოა, რადგან ის იყო ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს გამოიჩინა სოლიდარობა, მხარი დაუჭირა საქართველოს და ჩაერთო კონფლიქტის შეწყვეტაში.

“რომ არა საფრანგეთისა და პრეზიდენტ სარკოზის დახმარება, ჩვენ შეიძლება სხვა მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ პრეზიდენტს იმისათვის, რომ ჩემს ინაუგურაციაზე სწორედ, პრეზიდენტი სარკოზი გამოუშვა, როგორც მთავრობის წარმომადგენელი. სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ის ტაშით და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველო მადლიერია იმისა, რაც 2008 წელს გაკეთდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ასეთი წარსულის გამო, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ამ თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად მის არჩევაში გარკვეულ სიმბოლოს ხედავს.

“ჩემი არჩევაც ერთგვარი სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, რომ როცა საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, აირჩია ერთდროულად ევროპელი პრეზიდენტი და აირჩია, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროპას შორის მაქსიმალურად დამაახლოებლის როლი შემესრულებინა, სანამ საქართველო ევროპისა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა. საფრანგეთი მზადაა იყოს ჩვენს გვერდით და ჩაერთოს იმ ახალ პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მეტი სიახლოვისთვის, რომლებიც არიან შავი ზღვის მეორე მხარეს – რუმინეთი, თუ ბულგარეთი – და ევროპელებმაც იგრძნონ, რომ საქართველო ბევრად ახლოსაა ევროპასთან საზღვაო საზღვარზეც და ძალიან მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ, რომ ვართ ერთი ოჯახის ნაწილი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ელისეის სასახლეში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები