ლგბტ პირებმა 17 მაისის აღნიშვნა გადაიფიქრეს, საპატრიარქო კი კვირეულ დღეს დაასრულებს 

 

„თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს აქციას გეგმავდა, თუმცა დაპირისპირების საფრთხიდან გამომდინარე, ლგბტ აქტივისტებთან ერთად საზეიმო ღონისძიება ჩაიშალა. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზაზად საქართველოს საპატრიარქოს ასახელებენ, რომელსაც მტრულად განწყობილ ჯგუფად მოიხსენიებენ.

„მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოჰყვა.  17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან… ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას.  სწორედ ამიტომ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართველოს კანცელარიასთან“, – ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.

„თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ისაუბრა და პირობაა დადო, რომ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნებოდა დაცული.

17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის პარალელურად  ოჯახის სიწმინდის დღეა.

საპატრიარქოს ინიციატივით დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე,  მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით ყველას აფრთხილებდა და მრევლსა და სამართალდამცველებს დახმარებას სთხოვდა, თუმცა პრობლემა მოიხსნა.

17 მაისთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სახალხო დამცველმაც მიმართა და ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა მოითხოვა.

„საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები მჭიდრო კავშირშია ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის მაჩვენებელთან. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ+ ადამიანები წარმოადგენენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

თავის მხრივ,  ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა დაგეგმილი აქვს „ქართულ მარშს”, რომლის წევრებმა დააანონსეს, რომ რუსთაველის გამზირზე განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს არ გაატარებდნენ.

რადგანაც დაპირისპირების საფრთხე მოხსნილია, საპატრიარქო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს მთელი დღის განმავლოაში გამართავს. კვირეული, რომელიც 10 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება.

„საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც საზოგადოება სიხარულით აღნიშნავს მას. 10 მაისს, ტრადიციულად ხდება აწყურის ღვთისმშობლის ხატით საქართველო თურქეთის საზღვრის გადმოკვეთა და შემდეგ მსვლელობა თბილისისკენ, კერძოდ 11 მაისს ხატი დაბრძანდება ბათუმში; 12 მაისს საზეიმო წირვა ტარდება ხულოში,  13 მაისს საზეიმო წირვა აღევლინება ახალციხის რაიონში და ღონისძიებები სრულდება დღეს, 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი  შემობრძანდება თბილისში. წელს 17 მაისი  ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა, რაც ამ ზეიმს სახალხო სახეს სძენს. ამიტომაც სხვადასხვა ეკლესიებში წირვის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 11:30 საათისათვის ხალხი შეიკრიბება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირის გავლით, გაემართებიან ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ…“ ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები