ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, 21 ნოემბერს ენერგეტიკოსებს კვლავ მოუწიათ ელექტროენერგიის არაგეგმიური შეწყვეტა უკრაინის გარკვეულ რეგიონებში.

„დღეს ჩვენს ენერგეტიკოსებს მოუწიათ ელექტროენერგიის არა მხოლოდ სტაბილიზაციური გათიშვა, არამედ არაგეგმურიც. ეს გამოწვეულია იმაზე დიდი მოხმარებით, ვიდრე ამის უზრუნველყოფა ქვეყანას შეუძლია ამჟამად. ამიტომ მინდა, მივმართო საოლქო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების ყველა წარმომადგენელს: გთხოვთ, არ შეწყვიტოთ კომუნიკაცია ელექტროენერგიის რაციონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ენერგეტიკოსები, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, მაშველები, ყველა მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა, რუსი ტერორისტების დარტყმებისგან ჩვენი ენერგეტიკისთვის მიყენებული სისტემური ზიანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი და ბიზნესი უნდა იყოს ძალიან ეკონომიური და გაანაწილოს მოხმარება დღე-ღამის საათებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები