,,საქართველოს სიძლიერეა, განაგრძოს გზა ევროპისა და ნატო-სკენ, რუსეთის ქმედებები მას ვერ შეაჩერებს”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთმა სცადა, გამოეყენებინა ჯერ გაყინული კონფლიქტი და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები იმისათვის, რომ შეეჩერებინა ჩვენი სვლა ევროპისკენ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას:​ „ეკომონიკური მიზეზებისა და იმის გამო, რომ ისინი ასე ახლოს არიან, თავისთავად, გჭირდებათ უფრო მეტი ბალანსი და მხოლოდ დასავლეთის მკლავებისკენ არ უნდა მიისწაფვოდეთ“, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთის ქმედებების საქართველოს გზას ვერ შეაჩერებს.

„ვფიქრობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებოდით. ეს [ევროპისაკენ სვლა] 1992 წლიდან დაიწყო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე… რუსეთმა სცადა, გამოეყენებინა ჯერ გაყინული კონფლიქტი და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები იმისათვის, რომ შეეჩერებინა ჩვენი სვლა ევროპისკენ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. და ვფიქრობ, საქართველოს სიძლიერეა, განაგრძოს საკუთარი გზა ევროპისა და ნატო-სკენ! რუსეთის ქმედებები მას ვერ შეაჩერებს! ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონფრონტაციას ვეძებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ“,- განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რას გულისხმობს სიფრთხილეში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „რომ არ შევუქმნათ რუსეთს შთაბეჭდილება, რომ იმდენად გვეშინია, გვსურს, დავმორჩილდეთ რუსეთის ყველა პრეტენზიას, რაც შესაძლოა, მოხდეს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, ან ოცნება, მნიშვნელოვანია, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენი ევროპული გზა გაამყარონ. ამ თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსზე დადებით პასუხი უნდა გვქონდეს. არ მგონია, რომ შეგვიძლია, მივიღოთ მეორე „არა“, რადგან ეს რუსეთს არასწორ გზავნილს მისცემს, რომ მოულოდნელად, საქართველო ნაცრისფერი ზონა გახდა და რომ ის არ არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება სურს, არამედ ქვეყანა, რომელსაც ევროპელები სხვა კატეგორიად აღიქვამენ. ასე რომ, ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. სიცხადე ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა“.

 

მსგავსი თემები