,,მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა და სამართლიანად იხდის სასჯელს”- გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა, აქცია გამართოს.

ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეხედულებებს ბევრი ადამიანი შეეწირა, მათ შორის სულხან მოლაშვილი.

„აქციების უფლება ყველას აქვს, თქვენც, მათაც, მეც, სხვასაც. აქციები სავარაუდოდ, გაგრძელდება, მათი უფლებაა, ჩაატარონ აქციები და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება. ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული. სხვათა შორის, გუშინ იყო სულხან მოლაშვილის დაბადების დღე. მე მას კარგად ვიცნობდი, ვმეგობრობდი, დღეს ის ცოცხალი არ არის, ის სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლეს. არაადამიანებმა აწამეს თავის დროზე. სულხან მოლაშვილი გადააქციეს პოლიტიკურ პატიმრად, გაუნადგურეს ოჯახი, დევნიდნენ მის ძმას, მეუღლეს, შვილს, მამას, მოსპეს ეს ადამიანი. სავარაუდოდ, ისიც ნატრობდა ორთაჭალის ამ კაზემატებში ექიმის დახმარებას ან სულ მცირე საავადმყოფოში გადაყვანას, არც ერთი მიიღო და არც მეორე. უშუალოდ სააკაშვილის ხელიდან არის ეს კაცი დაღუპული. ათობით და ასობით ადამიანი შეეწირა მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებს, მისი ცხოვრების წესს, შეხედულებებს ქვეყნის მართვაზე. სულხანსაც, სხვებსაც სჭირდებოდათ დახმარება, მათ ეს დახმარება ვერ მიიღეს. ახლა შეადარეთ, მიხეილ სააკაშვილს როგორ უვლის დღევანდელი პენიტენციური სისტემა, შეადარეთ, სად იხდის ის სასჯელს – საავადმყოფოს პალატაში, სადაც სულხანისთვის ადგილი ვერ მოიძებნა ”- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები