ძლიერი ქარი დღის ბოლომდე გაგრძელდება – 87 მოგლეჯილი ხე და 32 დამტვრეული ავტომობილი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ხვალიდან კი გამოიდარებს. დღის 15 საათიდან ქარი შესაძლოა გაძლიერდეს.

“დედაქალაქში ჯერ ნარჩუნდება ძლიერი ქარი. დღის 15-16 საათიდან ქარმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს. კლება ძლიერი ქარის დაიწყება დახლოებით საღამოს 19 -საათიდან და ღამით უკვე უნდა ჩადგეს დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში.” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან იყო.

“ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომობილი, ბუნებრივი აირის 8 მილი, მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი, 4 სარეკლამო ბილბორდი,” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დღეს ძლიერმა ქარმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, კერძოდ, დიღომში, ახმეტელის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნაწილი, სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო ჩამოიშალა. ჩამოშლილი ნაწილი კი ეზოში მდგომ ორ მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, სტიქიის შედეგად დამტვრეული ავტომობილების ზარალს მერია არ ანაზღაურებს. 

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები