ქართველმა პარამოფარიკავეებმა საემიროებიდან 2 ოქროს მედალი ჩამოიტანეს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა წარმატებით იასპარეზეს. 

ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში, უკრაინელი მეტოქე, ოლენა ფედოტა 15-10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირმას მე-14 ოქროს მედალია მსოფლიო თასის ტურნირებზე, რაც მართლაც გამორჩეული შედეგია.

ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანად იასპარეზა და ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდის (15:7) დამარცხებით 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, თიბილაშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალია – მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ის უკვე მესამე წელია არავის უთმობს.

პარამოფარიკავეებს, ირმა ხეცურიანს და ნინა თიბილაშვილს, ​პარასპორტის განვითარების ცენტრში დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა. სპორტსმენებთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.

“ქართულ პარასპორტს წარმატებების მთელი სერია აქვს – ძიუდო, წოლჭიმი, მჯდომარე ფრენბურთი და, რა თქმა უნდა, პარაფარიკაობა, სპორტის ამ სახეობებში ჩვენი სპორტსმენები განსაკუთრებული წარმატებებით ასპარეზობენ”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

მსგავსი თემები