„შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა“ – საქართველოს პრეზიდენტი

 

,,გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე .

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რატომ ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ასეთი კონფერენციის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით, ეს წარმოადგენს ყველაფერ იმას, რაც საქართველოს სჭირდება დღეს. პირველ რიგში, გლობალურობა. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი. ის პატარა ქვეყანაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პატარა ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი ვართ ისეთ სფეროებში, როგორიც არის მაგალითად, ღვინო, სპორტი ან კულტურა და ტექნოლოგიები. ქართველები ძალიან ინოვაციურები ვართ“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, როცა ის პოლიტიკაში შევიდა, გაოცებული იყო  იმ ადამიანების რიცხვით, რომლებიც მასთან დოკუმენტებითა და სხვადასხვა ინოვაციური იდეით მიდიოდნენ.

„რასაკვირველია, ეს მხოლოდ იდეები იყო და იმ დროისთვის ამ იდეების ბიზნესად გარდაქმნის ან პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა არ იყო. ახლა სწორედ ეს ხდება მსოფლიოში, როდესაც იდეებს აქცევ რეალობად, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად და არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სფეროსი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სფეროში საქართველო სტარტაპერია და წარმატებული სტარტაპერი. აქ გაერთიანებულია ყველა ელემენტი, რომელიც საქართველოსთვის გვჭირდება: ინოვაცია, ახალგაზრდობა, ქალები, ტექნოლოგია“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები