„გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა რაღაც, თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“ – პრემიერი ოპოზიციას

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია ხალხს ატყუებს, როცა აცხადებს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და ქვეყანა დაიქცევა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

„კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული. მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და მათ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

მისი შეფასებით, სტატუსის მისაღებად საჭიროა  „მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი“.

„ოპოზიციას მინდა მივმართო – ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი? 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე. გასაგებია, გავიგეთ და გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, პროცესი, რომლის შემდეგაც იწყება სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ამას სჭირდება მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა რაღაც, თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სტატუსს მიიღებს საქართველო, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს პარტნიორებს სრული მზაობა ვაჩვენოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები