,,შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან”- ოლივერ ვარჰეი

,,ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან,”- ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც სჭირდებათ სანდო პარტნიორები და  საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგის, რომელიც გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე, მედეგი გახდეს. ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ.

რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მსგავსი თემები