,,კარგად იცის „მამისონმა”, რომ ყველაფერი მათი ბრალია”- ხმალაძე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კომპანია „მამისონის” განცხადებას ეხმიანება,  რომლის თანახმადაც, მეტროსადგურ „გოცირიძის” სამუშაოები ბიუროკრატიული ბარიერების გამო გაჭიანურდა.

ხმალაძის თქმით, კარგად იცის „მამისონმა”, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ.

„სამწუხაროა, რომ „მამისონი“ მსგავს განცხადებებს აკეთებს. პირადად ვარ ჩართული და ძალიან კარგად ვიცი, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ, უპასუხისმგებლობამ და მოშლილი მენეჯმენტის სისტემამ თვითონ კომპანიაში. კარგია თუ სასამართლოში შეიტანენ საქმეს. მე რა განცხადებებიც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს სასამართლო დაადგენს ჯარიმის ოდენობასაც. მაშინაც, როცა არაფერი სჭირდებათ ადმინისტრაციული სისტემებისგან, სამუშაოებს მაღალ ტემპში კომპანია მაინც ვერ ახორციელებს. მე არ მგონია, რომ სასამართლომ პრეტენზია გაითვალისწინოს და მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღოს. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის საპასუხოდაც და ყურადსაღებადაც მეორე და მესამე ხარისხოვანი საკითხია „მამისონთან“ დაკავშირებით საუბარი. ჩემთვის მტკივნეულია და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაგვიანდა მეტრო „გოცირიძის“ სამუშაოების შესრულება. ეს ვისი და რისი ბრალი იყო, მე პირადად კარგად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მეორე და მესამე ხარისხოვანი. ჩემთვის უხერხულიც და უსიამოვნოცაა, რომ მოქალაქეებს დავუგვიანეთ სადგურის ჩაბარება. „მამისონთან“ დაკავშირებით აქამდეც ვართ გარკვეულები და ყველამ კარგად ვიცით და თვითონაც კარგად იციან, რომ ყველაფერი მათი ბრალია. ამას სასამართლო იტყვის და არ მგონია, რომ საინტერესო საკითხი იყოს“, – განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი თემები