,,უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ხელისუფლება”- ელენე ხოშტარია

„გირჩი – მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „დროას“ წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროპარლამენტის 12 რეკომენდაციის შესრულება.

ელენე ხოშტარიას თქმით,  ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა ევროპას მეტად დაუახლოვდეს.

„ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი, როცა ველოდებით შეფასებას ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არათუ წინსვლაზე, არამედ უკუსვლასა და რეგრესზე. არც ერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე, რომ დავუახლოვდეთ ევროპას. მაგალითად, ნიკა გვარამაის გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასვლას უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, სასამართლო რეფორმას უნდა პოლიტიკური ნება, პროპაგანდასთან წინააღმდეგობას უნდა პოლიტიკური ნება, უკრაინის მხარდაჭერას უნდა პოლიტიკური ნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები