,,აორგანიზებენ მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა”- მდინარაძე

„ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები აორგანიზებენ მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს შარშანაც ჰქონდა ეკონომიკური ზრდა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შიდაგახმოვანებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა. საქართველოს შარშანაც ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თუ სწორად მახსოვს, მეორე ვიყავით ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. დარწმუნებული ვარ, სავალუტო ფონდი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით სამომავლო პროგნოზს აკეთებს ასევე ძალიან მაღალს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა. ანუ, დინამიკა უცვლელი ექნება და ეს ტრენდი გაგრძელდება. შესაბამისად, არც შარშან ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, არც სავალუტო ფონდი აკეთებს ომზე გათვლით, დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს. რამდენად სპეკულაციურია და საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯი ლაგდება, ალბათ ყველა ადვილად მიხვდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები