კობაურის საქმეზე 1000-დან 12 ნაფიცი მსაჯული შერჩეულია, დარჩა 3

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესს 15 ნაფიცი მსაჯული დაესწრება, 1000 კანდიდატიდან 14 მსაჯული უკვე შერჩეულია. დარჩენილ სამს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეარჩევენ.

როგორც კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​სულ 14 ნაფიცი მსაჯული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თავის დაზღვევის მიზნით, ვიღაც ცუდად რომ გახდეს, სასამართლო პროცესი 15 ნაფიცი მსაჯულის თანდასწრებით წარიმართება.  

” ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადონ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მივლენ დასკვნამდე, რომ კობაური ნამდვილად უდანაშაულოა”, – აცხადებს ადვოკატი. 

​მისივე თქმით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მარტივი არ ყოფილა, 8 ადამიანი პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყების მეშვეობით დაბლოკა, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანები ვერ გამოიტანდნენ ობიექტურ გადაწყვეტილებას სხვადასხვა პრობლემის გამო, ზოგი მათგანი ზედმეტად სენტიმენტალური იყო.  

“მნიშვნელოვანია, რომ ამ რუტინულ სამუშაოში სასამართლო დიდ როლს ასრულებს. სახელმწიფო ხარჯავს დიდ რესურსს და ეს მისასალმებელია, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი ექნება ნაფიცი მსაჯული აირჩიოს, მსგავსად გაირჯება სახელმწიფო. ეს წინგადადგმული ნაბიჯია”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

მისივე ინფორმაციით, 15 ნაფიცი მსაჯულის შერჩევის შემდეგ გაიმართება სხდომა და დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი, რაც 2 თვის განმავლობაში გასტანს. ამის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები გავლენ ვერდიქტის გამოსატანად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კობაურის გამამართლებელ ვერდიქტს გამოიტანენ, კობაურს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ, თუმცა აქ არის კიდევ ერთი დეტალი, დანაშაულის შეუტყობინებლობა.

“დიდი ალბათობით, ეს ნიუანსიც იქნება განხილული. კობაურმა დროულად რატომ არ დარეკა პოლიციაში და შეატყობინა, ამისთვის ცალკე სისხლის სამართლის მუხლი არსებობს და დასჯადი ქმედებაა. ამაზეც მოუწევთ მსჯელობა ნაფიც მსაჯულებს და შესაბამისად, მარტო გაუპატიურებისა და მკვლელობის ნაწილზე არ იქნება მსჯელობა. დაცვის მხარის მთავარი ამოცანაა, საზარელ მკვლელობაში, რომელიც ​ხადას ხეობაში მოხდა, მალხაზ კობაური გამართლდეს”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მთავარში”.  

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულები გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ, სასამართლო  სასჯელის ფორმაზე იმსჯელებს. უვადო პატიმრობის მისჯას ნაფიცი მსაჯულების მხარდაჭერა ესაჭიროება, თუმცა კობაურის ადვოკატები ​ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ საქმეში ისეთი მტკიცებულებები არ დევს, რომ 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა დაემუქროს.

მსგავსი თემები