გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ეზიარა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ეზიარა. როგორც ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩამოსვლას მოგვიანებით აპირებდა, მაგრამ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი ზიარება დააჩქარა.

“მამა გიორგი ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით, ეზიარა მამაო. იმედია, მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული. იმედია, ღვთის წყალობით, კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია”, – განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, როდის დატოვებს გიორგი მამალაძე საავადმყოფოს, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.

მსგავსი თემები