,,ანი მასწავლებელს ვეძახი, ისეთ დიდაქტიკურ ტონს დაიყენებს, მორალს გვიკითხავს, გვგონია, სკოლაში ვართ”- ზარქუა ნაცვლიშვილზე

,,ანი მასწავლებელს ვეძახი, გვარი არ მახსოვს, რადგან ყოველთვის როცა გამოდის, ისეთ დიდაქტიკურ ტონს დაიყენებს, მორალს გვიკითხავს, გვგონია, სკოლაში ვართ და უნდა დაგვტუქსოს,”- ამ სიტყვებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი კოლეგის ანა ნაცვლიშვილს მიმართა.

ზარქუას თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილის მიდგომა არასერიოზულია.

,,ანი მასწავლებელს ვეძახი, გვარი არ მახსოვს, რადგან ყოველთვის როცა გამოდის, ისეთ დიდაქტიკურ ტონს დაიყენებს, მორალს გვიკითხავს, გვგონია, სკოლაში ვართ და უნდა დაგვტუქსოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ქალბატონს არსად არ უსმენენ, ჩაიგდებს ხელში მიკროფონს და შემდეგ რაღაც მანიპულაციებით, აი, ამდენი დაფინანსება არის და ბავშვებს შიათ, აი ამდენი უსახლკაროა… შე დალოცვილო, ამ ლოგიკით რომ მივუდგეთ, არასამთავრობოში რომ იყავი და მილიონობით ფინანსდებოდი, მაშინ რამდენი უსახლკაროსთვის შეიძლებოდა იმ დაფინანსებით კარგი საქმე გაგეკეთებინა?! – არ გამოვა ასე!

მესმის, გაცხარებული ხარ, მაგრამ სიმართლეა და პირდაპირ და მოურიდებლად უნდა გითხრათ. ანტიკორუფციული ბიურო, რომლის შექმნა 12-პუნქტიანი გეგმის მნიშნელოვანი ნაწილია, შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის გეგმას, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია, ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დოკუმენტებს, იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას.

არასერიოზულია საკითხისადმი თქვენი მიდგომა – ოღონდ ყველაფერში ცუდი დაინახოთ და ყველაფერს შეგიძლიათ ხაზი გადაუსვათ.

სადღაც რომ იკრიბებით, ახლა თავის ფანჩატურში შალვა გეპატიჟებათ, იქ თუ მიიღეთ დოკუმენტი, თუ შეჯერდით, ის არის უპირობო ჭეშმარიტება? არ არის ასე, ქალბატონო ანა.

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვიღაცამ სიმართლე უნდა გითხრას“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები