ნიკა მელია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს.

„დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის გამიზნული შეფერხება.

საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას – იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ რეჟიმს.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც – გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

ამის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ახდენს საკუთარი ევროპული მისწრაფებების დეკლარირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საუბრობს ევროინტეგრაციასა და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე.

სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება.

მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით, არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პარალელურად.

შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონის სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი – გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები