,,კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი”- კახა კალაძე

თბილისის მასშტაბით მიმდინარე ყველა სამშენებლო სამუშაო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად ხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, კითხვაზე – თუ რა იყო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, პასუხს გამოძიება გასცემს.

„ყველა სამშენებლო სამუშაოს დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოების დროს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანსა და რაიონში ხორციელდება, ყველაფერი კეთდება იმ არსებული სამშენებლო რეგულაციებით, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო პრობლემა, რა იყო ან რა არ იყო გაკეთებული და რამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია და უბედურება. ერთად დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როდესაც იქნება ექპერტიზის დასკვნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, „ენერგეტიკოსმა კალაძემ და მისმა მოადგილე ხმალაძემ, ამხელა გამოცდილებით როგორ ჩაიბარეს ასეთი პროექტი“, კალაძე განმარტავს: „კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი, წარმატებული. ენერგეტიკის მინისტრობის დროს გუნდთან ერთად იმდენი გავაკეთეთ, რაც 70-იანი წლების შემდეგ არ გაკეთებულა“.

მსგავსი თემები