,,ინფლაცია  არის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომის საფასური, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იხდის”- ლაშა ხუციშვილი

,,დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაცია ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომის გარკვეული საფასური, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იხდის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვა,  თუ რა გეგმა აქვს მთავრობას მოსახლეობის ყოფის შესამსუბუქებლად, ვინაიდან ქვეყანაში ფასები ყოველდღიურად იზრდება, შემოსავალი და ხელფასები კი – არა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით,  ინფლაცია ყველაზე მთავარი პრობლემაა ეკონომიკაში არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში.

,,ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო, 11,5% იყო, გასული თვე 10,7% იყო, ბუნებრივია, ეს არ არის ის ტემპი, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა იყოს, გვინდა, რომ ინფლაცია სწრაფი ტემპით შემცირდეს, თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ საქართველოში შემცირების მაჩვენებელი აჩვენა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ ინფლაცია ისევ მზარდი ტემპით ხასიათდება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ პიკს, საიდანაც ინფლაცია შემცირებას დაიწყებდა. საქართველო ღია ეკონომიკაა და გადმოცემის ეფექტები ბუნებრივია, არსებობს და მათ შორის, იმპორტთან მიმართებაში გადმოეცემა ინფლაცია საქართველოსაც. გარკვეული მიმართულებით შემცირებები სახეზეა, თუმცა საბოლოო, მთლიან სურათში ეს დიდად არ აისახება. ასევე, როგორც აღნიშნეთ, სურსათის ინდექსთან მიმართებაში გარკვეული შემცირებით ხასიათდება, სამწუხაროდ, ენერგომატარებლებთან მიმართებაში ძალიან მერყევი სიტუაციაა, ძალიან სწრაფად იცვლება მდგომარეობა. შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში ფასები შემცირდეს, მაგრამ მეორე კვირის განმავლობაში ძალიან გაიზარდოს და ისევ იმ ნიშნულს მიაღწიოს, ვსაუბრობ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ფასებზე. ეს გამოწვეულია იმ არასტაბილურობით და იმ გაურკვეველი სიტუაციით, რომელშიც მთელი მსოფლიო ვიმყოფებით. მთავარი განმსაზღვრელი ამ ნაწილში არის უკრაინაში ომი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო ვიხდით ინფლაციით იმ ფასს, რაც რუსეთის მიერ დაწყებული ომია უკრაინის ტერიტორიაზე და ეს არის გარკვეული საფასური, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იხდის გაზრდილი ინფლაციის სახით. ამ მიმართულებით, პროგნოზები, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია, მნიშვნელოვანია. ის წელს მიზნობრივ მაჩვენებელს ვერანაირად დაუახლოვდება, თუმცა, მოლოდინია, რომ მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან ძალიან ახლოს იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები