„ნოემბრიდან გრიპის შემთხვევების მატება გვექნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრის თვიდან ქვეყანაში გრიპის შემთხვევები მოიმატებს. ამის შესახებ მან ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, აღნიშნული მოლოდინი ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციასაც.

,,შემოდგომა-ზამთარი, ეს არის გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი, რაც შესაბამისად უკვე არის საქართველოში. თუმცა, თუ გადახედავთ ჯანმო-ს სტატისტიკას, რომელიც ყველა ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს და ეფუძნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ კვლევებს, ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. თუმცა, რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში. შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები, მათი უმრავლესი შემთხვევა არ იქნება მძიმე. ჩვენ ტიპირებასაც ვახორციელებთ გრიპის ვირუსის. ოქტომბერში დაფიქსირდა ღორის გრიპის მსგავსი ვირუსი, ყველა სხვა შემთხვევა ე.წ. ჰონგ-კონგის მსგავსი ვირუსი იყო. ქვეყანაში მოსალოდნელია H1N1 და H3N2 ვირუსების ცირკულირება,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

„ნოემბრიდან გრიპის შემთხვევების მატება გვექნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები