დის მკვლელობაში ბრალდებული შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და დუმილის უფლებას იყენებს

26 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცი დის მკვლელობას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებული შოკურ მდგომარეობაშია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან შოკურ მდგომარეობაშია. რაიმეს გადმოცემის არანაირი უნარი არ აქვს, მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ვეცნობი და შემიძლია გითხრა, რომ ბრალს არ ეთანხმება, შესაბამისად, იყენებს დუმილის უფლებას“,- აცხადებს ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები