პროკურატურამ დის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა  ძმასთან. ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. აღნიშნულით  განაწყენებულმა ბრალდებულმა  ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით  (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები