თუ პაციენტი მკურნალობას არ თანხმდება, მას სასამართლო აიძულებს

ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ უფასო მკურნალობაზე სახელმწიფო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და დღეისათვის 36 მლნ ლარს შეადგენს. 2014 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა ნარკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება და 12 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მლნ ლარია გამოყოფილი. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილმა განუცხადა, თანხის არქონა მკურნალობაზე უარის თქმად არ განიხილება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო, ფსიქოზის მწვავედ გამოხატული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პაციენტს მკურნალობის ფინანსური შესაძლებლობა აქვს თუ არა, მის სრულფასოვან სარეაბილიტაციო კურსს სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.  

მისივე ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როცა ნარკოლოგიურ სტაციონარში პაციენტი საკუთარი სურვილით არ მიდის, არამედ ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით იძულებული ხდება დაწვეს სამკურნალოდ. ასევე, კლინიკაში მისულ პაციენტებს ხშირად, არ აქვთ მოლოდინი, რომ მათ აუცილებელად დატოვებენ სტაციონარში. ისინი ელიან, რომ ექიმისგან მიიღებენ დანიშნულებას და სახლის პირობებში განაგრძობენ მკურნალობას. 

გური მენაბდიშვილის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია პირის იძულებითი მკურნალობა არა მხოლოდ მესამე პირების მონათხრობის მიხედვით, არამედ წარსულში დასმული დიაგნოზის თანახმადაც კი. მკურნალობა უტარდება პაციენტს, მხოლოდ რეალურ დროს ჩატარებული კონსულტაციის, საკუთარი თავის ან საზოგადოების მიმართ შესაბამისი რისკების შეფასების საფუძველზე. გარდა ამისა, ამისთვის საჭიროა სასამართლო ნებართვაც.  

“ექიმ-ნარკოლოგის კონსულტაციის შედეგად თუ დგინდება, რომ ამა თუ იმ პაციენტმა შესაძლებელია საკუთარ თავს ან გარშემო მყოფ პირებს საფრთხე შეუქმნას, ამ შემთხვევაში მყისიერად ერთვება  ნარკოლოგის მიერ მოწვეული ფსიქიატრი. ის უფლებამოსილია მისი დიაგნოზის შეცნობის, ანალიზის და ასევე, კონსულტაციის შედეგად მიიღოს არანებაყოფლობითი მკურნალობის გადაწყვეტილება. მაგრამ ამ უფლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 48 საათის განმავლობაში. პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან უახლოესი საათების განმავლობაში, კლინიკამ უნდა მიმართოს სასამართლოს. მოვიდეს, მორიგე მოსამართლე (უქმე დღის მიუხედავად) და გამოიტანოს განჩინება, ტოვებს პირს არანებაყოფლობით მკურნალობაზე თუ ათავისუფლებს. შესაძლოა ფსიქიატრმა საჭიროდ მიიჩნიოს პაციენტისთვის არანებაყოფლობითი მკურნალობის ჩატარება, მაგრამ მოსამართლემ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს, ექიმს პაციენტის კლინიკაში დატოვების უფლება არ აქვს”, – განუცხადა გური მენაბდიშვილმა “მთავარს”.  

​მისივე ინფორმაციით, კვირის განმავლობაში მათი კლინიკიდან რამდენიმე მომართვა იგზავნება სასამართლოში. მოსამართლეს გადაწყვეტილება სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს და უარის მცირე შემთხვევებია. ასევე, არის შემთხვევები, როცა საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ექიმი საჭიროდ ჩათვალოს პაციენტის კლინიკაში დატოვებას, მაგრამ გარკვეული საათების გასვლის შემდეგ სულ სხვა შედეგი დადგეს და მოსამართლემ პაციენტის კლინიკაში დატოვების გადაწყვეტილება არ მიიღოს. ამ დროს ექიმი უნდა დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებას. 

2018 წლის განმავლობაში სასამართლოს 100 მიმართვიდან კლინიკას 3-ზე ეთქვა უარი. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაფინანსება ნარკოლოგიაში 2014 წელს 4 მლნ 388 ათასი შეადგენდა, ხოლო 2018 წელს 9 მლნ 200 ათასი ლარი იყო, ხოლო 2019 წელს 12 მლნ 150 ათასი ლარია. 
​ფსიქიატრიული მკურნალობა 2014 წელს 15 მლნ ლარით დაფინანსდა, 2018 წელს 21 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 24 მლნ ლარით განისაზღვრა.

თბილისში სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი 4 ფსიქიატრიული დაწესებულება არსებობს.

მსგავსი თემები